
-
ჯერ გაზაფხული არც შემოსულა
ჯერ გაზაფხული არც შემოსულა.
ლარნაკში დამჭკნარ შარშანდელ იას
დაუკოცნელი მარტის დღეების
სევდა ლაჟვარდში ფარფატით მიაქვს.
ჯერ გაზაფხული არც შემოსულა,
ნაადრევია ეს მონატრებაც.
ყოჩივარდების კრიალოსანი
ჩამოიმარცვლა ჯვრის მონასტერმა.
მზე ერთხელ კიდევ მოილოგინებს.
ია, გამხმარი ფოთლების ჩვრებში,
უშვილო მდიდრის კარზე მიგდებულ
ჩვილივით მოგთხოვს აყვანას ხელში.
ქარი კი მიქრის. შედედებული
ნისლით ამოვსილ ხევ-ხუვებს ლოკავს.
საით წაიღებს ჩემს გაზაფხულებს -
იით მოქარგულ უფურცლავ ლოცვანს?
მარიამ წიკლაური
-
- - -
პირველი ღამე
ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი
და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის,
ვიქნები თქვენთან მე გულახდილი
შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის.
თან დაუდევრად სკამზე შემოჯდა
ხელებგაშლილი, პატარა, ცელქი
და იატაკზე ნდომისგან თრთოდა
ორი პატარ ლამაზი ტერფი.
პეპელასავით დაფარფატებდა,
მის გაღიმებულ თვალებში სხივი
და რადგან ღიმილს ვერას მატებდა
მკერდზე ჩამოჯდა, ნახა ყვავილი.
როცა დავკოცნე ფეხის თითები
სიცილი რბილი, შეცვალა მკაცრით.
თითქოს ფაფუკი თოვლის ფიფქები
მყის შეიცვალა კრისტალით ბასრით.
ფეხები შერგო პერანგში ღამის
",ეგებ გაჩერდეთ, ჩემო ბატონო"?!
ჩაიკისკისა, დამცინა ლამის
ამდენს მიბედავ ნეტავ რატომო?!
აკანკალებდა მას ჩემი კოცნა
და როცა ნაზად დავკოცნე თვალი,
ჩაიჩურჩულა"რად არ გსურთ მოცდა?"
გადააქნია კეკლუცად თავი.
"მინდა რომ გითხრათ სულ ორი სიტყვა"!
მე კი ვკოცნიდი, მოცდა სად არის?!
სიტყვა იმ ღამეს საკმაოდ ითქვა,
სიყვარულისთვის მივხვდი, მზად არის!
ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი
და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის
ვიქნები თქვენთან მე გულახდილი
შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის
არტურ რემბო
თარგმანი ფრანგულიდან - ბესო ხომერიკი
-
- - -
მე გჩუქნი თვალებს
მე გჩუქნი ჩემს თბილ, თაფლისფერ თვალებს,
დღეს სულ ერთია ჩემთვის ვინა ხარ,
მე თვალებს გჩუქნი,
ეს იმას ნიშნავს,
რომ თვალს აახელ და დამინახავ.
რადგან ვხედავდი მთელი ქვეყანა
მუდმივად კვალში მედგა მუქარით,
მე თვალებს გჩუქნი,
ნუ გიხარია,
შეჩვენებაა ეს საჩუქარი.
თვალებში მთელი სამყარო მოჩანს
და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად,
გქონდეს თვალები და ამ თვალებით
ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.
მე გჩუქნი კეთილს, ნაღვლიან თვალებს,
ვით იის ანდა ენძელის კონას,
შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან
უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.
დიდი და უხვი სინათლის ნაცვლად
დამრჩება ორი ბნელი ფუღურო,
ნუ გიხარია,
შენ ამ თვალებით
ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო...
გიორგი ლობჟანიძე






